რამდენად თავსებადია პლურალიზმი ციფრული პლატფრომების ეკონომიკურ მოდელთან?
#ესეები

რამდენად თავსებადია პლურალიზმი ციფრული პლატფრომების ეკონომიკურ მოდელთან?

ავტორიტარული დისკურსი ყურადღების ეკონომიკის პირობებში

თუ მეოცე საუკუნის ბოლოს დემოკრატიზაცია გლობალურად დომინანტური ტენდეცია იყო, ოცდამეერთე საუკუნის პირველ დეკადებში ეს დინამიკა საგრძნობლად შეიცვალა და ავტოკრატიზაციის ეპიზოდები უფრო ხშირი გახდა. 2010-იანი წლებიდან იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლის პროცესს განიცდიან. მათ შორის ისეთი რეჟიმებიც, რომლებიც ფორმალურად კვლავ დემოკრატიულად მიიჩნევა. თანამედროვე ავტოკრატიზაციის პროცესს ხშირად თავად დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ხელმძღვანელობენ. როგორც ავტორიტარული რეჟიმების მკვლევრები Steven Levitsky და Daniel Ziblatt აღნიშნავენ, რთულია ზუსტად იმ მომენტის განსაზღვრა, როდესაც მთავრობა აღარ არის დემოკრატიული, რადგან ინსტიტუციური რღვევა ნელა და თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. 

ამავდროულად, დემოკრატიული დისკურსის კრიზისი ვერ აიხსნება მხოლოდ პოლიტიკური აქტორების კომუნიკაციის სტრატეგიით. ციფრულ ეპოქაში ძალაუფლება ნაწილობრივ გადანაწილებულია იმ ინფრასტრუქტურაზეც, რომელიც განსაზღვრავს პლურალისტულ ხილვადობასა და განსხვავებული აზრის გავრცელებას.  ამგვარად, ჩნდება კითხვა: არის თუ არა რადიკალური დისკურსის დომინაცია მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ძალების კომუნიკაციის უნარის შედეგი, თუ ის სტრუქტურულად უფრო თავსებადი იმ ეკონომიკურ მოდელთან, რომელიც ციფრული პლატფორმების მუშაობას უდევს საფუძვლად?

ყურადღება - ციფრული ეპოქის ყველაზე დეფიციტური რესურსი

გიგანტური ონლაინ პლატფორმების განვითარების ლოგიკა აჩვენებს, რომ მათი ალგორითმული სტრუქტურა პირველ რიგში ჩართულობის ოპტიმიზაციაზეა მიმართული. ციფრული პლატფორმებისთვის მომხმარებლის ყურადღება არა უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ ეგზისტენციალური რესურსია. კომერციული პლატფორმები მომხმარებლის მონაცემებზე დაყრდნობით ქმნიან რეკომენდაციების სისტემას, რომელიც მაქსიმალურად ზრდის საიტზე ჩართულობას. სოციალური პლატფორმების ლოგიკაც ანალოგიურია. მათი ამოცანაა  საკუთარ ეკოსისტემაში მომხმარებლის ხანგრძლივი შენარჩუნება. ამისათვის, ალგორითმები სთავაზობენ შინაარსს, რომელიც ან უკვე შეესაბამება მომხმარებლის შეხედულებებს, ან იწვევს ძლიერ ემოციურ რეაქციას. ამ პროცესში პლატფორმები იქცევიან არა მხოლოდ საკომუნიკაციო მედიუმად, არამედ ქცევითი მოდიფიკაციის ინფრასტრუქტურად. ისინი აგროვებენ მომხმარებლების მონაცემებს, სწავლობენ, რომელი სტიმული წარმოშობს მეტ რეაქციას და ჩართულობას, პროგნოზირებენ ქცევას და ცდილობენ მასზე შეუმჩნევლად გავლენის მოხდენას.  

შედეგად, სოციალური ქსელები თითქოს აძლიერებს ხმებს და ზრდის საჯაროობას, თუმცა მისი ალგორითმული არქიტექტურა  უპირატესობას ანიჭებს იმ სიახლის თუ შეხედულებების გაზიარებას, რომლებიც თანხვედრაშია პლატფომის ფინანსურ-პოლიტიკურ ინტერესთან. ალგორითმები იბრძვიან არა შინაარსობრივი მასალის პოპულარიზაციისა, არამედ რეაქციული პროდუქტის (პოსტების) გავრცელებისკენ.  

ინფორმაციის სიჭარბის პირობებში ყურადღება დეფიციტურ რესურსად იქცევა, ხოლო პლატფორმები ნეიტრალური სივრცეებიდან ყურადღების ბაზრებად გარდაიქმნება. ვინც იპყრობს ყურადრებას, მას აქვს მეტი ძალაუფლება. კვლევები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მაღალი ჩართულობა უკავშირდება კონტენტს, რომელიც იწვევს მძაფრ, ნეგატიურ ემოციებს და პოლარიზაციას. ასეთ პირობებში პოლიტიკური კომუნიკაციაც შესაბამისად ადაპტირდება: დომინაციის და  დაპირისპირების დისკურსი უფრო ეფექტიანად მუშაობს. შესაბამიად, ავტორიტარული სტილის ენა სტრუქტურულად მეტად თავსებადია ყურადღების ეკონომიკასთან.

ყურადღების ეკონომიკა არის ციფრული პლატფორმების ბიზნეს მოდელი, რომლისთვისაც მთავარი ვალუტა მომხმარებლის ყურადღებაა. ინფორმაციის სიჭარბის პირობებში ადამიანის ყურადღება ხდება უმთავრესი დეფიციტური რესურსი და სასაქონლო ღირებულება.



ახალი პლატფორმების ძიებაში. შესაძლებელია თუ არა გადაურჩეს პლურალისტური დისკურსი ჩართულობის ოპტიმიზაციას?


ალგორითმული გავლენისგან თავის დაღწევის მცდელობები პერიოდულად განიხილება და განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების ფონზე აქტიურდება. ასეთ დროს იზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ ციფრულ სივრცეებზე, სადაც ინფორმაცია ნაკლებად არის ალგორითმულად მართული. მაგალითად, X-ის Elon Musk-ის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ შეინიშნა მომხმარებელთა ნაწილობრივი მიგრაცია სხვა პლატფორმებზე, მათ შორის Bluesky-ზე, სადაც განსაკუთრებით აქტიური აკადემიური სივრცის ნაწილი გახდა.  მიგრაციის ტენდენცია გამოიკვეთა 2026 წლის დასაწყისშიც, როდესაც ახალი პლატფორმა UpScrolled აშშ-ში #1 გადმოწერად აპლიკაციად იქცა, TikTok მომხმარებელთა შეშფოთების ფონზე, რომელიც პლატფორმის ამერიკული კომპანიების ხელში გადასვლას უკავშირდებოდა. დონალდ ტრამპის მიერ TikTok-ის დაბლოკვის მუქარის შემდეგ, ჩინურმა კომპანიამ ამერიკაში ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც პლატფორმის ამერიკული ვერსიის ძირითადი წილის ამერიკელ და საერთაშორისო ინვესტორების ხელში გადასვლას   ითვალისწინებდა. 

თავდაპირველად, UpScrolled პოპულარობა ისრაელ–პალესტინის კონფლიქტზე დისკუსიების კონტექსტში მოიპოვა, როგორც პლატფორმამ, რომელიც ალგორითმის განსხვავებულ მოდელს სთავაზობდა. მისი ავსტრალიელ-პალესტინელი შემქმნელი აცხადებდა, რომ პლატფორმა შექმნიდა ალგორითმულად ნაკლებად მართულ სივრცეს, სადაც პალესტინური ხმები არ ჩაიხშობოდა.


ასეთი მიგრაციები მიუთითებს არა მხოლოდ პლატფორმების არჩევანზე, არამედ ნდობის კრიზისზეც. მომხმარებლები ეძებენ ინფრასტრუქტურას, რომელიც ნაკლებად დამოკიდებულია ცენტრალიზებულ ალგორითმულ კონტროლზე.  თუმცა, თუ პლურალისტური დისკურსის კრიზისი ჩართულობაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის შედეგიცაა, მაშინ მხოლოდ პლატფორმის შეცვლა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი პლატფორმები ვერ უწერევენ ძლიერ ქსელებს კონკურენციას და მხოლოდ ნიშურ პლატფორმებად რჩებიან.  ზემოთ აღნიშნულ მიგრაციის შემთხვევებმაც ვერ გამოიწვია გიგნატურ პლაფტორმებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები. 


მთავარი გამოწვევა არა სივრციც, არამედ ლოგიკის ცვლილებაა: შეიქმნება თუ არა მომავალში ისეთი ციფრული არქიტექტურა, რომელზეც ხილვადობა მხოლოდ ემოციურ ინტენსივობასა და ეკონომიკურ ინტერესზე დამოკიდებული არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლურალიზმი შესაძლოა გადარჩეს მხოლოდ პერიფერიულ პლატფორმებზე. საკითხი ეხება პლატფორმების დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, ალგორითმული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას და (ციფრული) საჯარო სივრცის ნაწილობრივ დეპრივატიზაციას იმგვარად, რომ ონლაინ კომუნიკაციის არხები მხოლოდ კერძო კორპორატიული ინტერესების ლოგიკას არ ემორჩილებოდეს.  საბოლოოდ, დემოკრატიული დისკურსის მომავალი მნიშვნელოვნადაა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განისაზღვრება ციფრული კომუნიკაციის სივრცის წესები.












წაიკითხეთ მეტი