ციფრული ატომიზაცია: არენდტი და საერთო სამყაროს კრიზისი
#ესეები

ციფრული ატომიზაცია: არენდტი და საერთო სამყაროს კრიზისი

კავშირების თუ მარტოობის ეპოქა ?


არასოდეს ყოფილა ჩვენი მომავალი ასე გაურკვეველი, არასოდეს ვყოფილვართ ასე დამოკიდებულნი პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც ვერ ენდობი, რომ ან საღი აზრის, ან საკუთარი ინტერესის ლოგიკას დაემორჩილებიან. ძალებზე, რომლებიც სხვა საუკუნეების საზომით თითქმის სიგიჟედ გამოიყურებიან. თითქოს კაცობრიობა გაიყო მათ შორის, ვისაც ადამიანის ყოვლისშემძლეობის სწამს (ვინც ფიქრობს, რომ მასების ორგანიზების შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია) და ვისთვისაც უძლურება იქცა ცხოვრების მთავარ გამოცდილებად“. 


ასე ახასიათებს თავის დროებას მე-20 საუკუნის გავლენიანი მოაზროვნე და პოლიტიკური თეორიტიკოსი - ჰანა არენდტი. ტოტალიტარიზმის საწყისების ანალიზისას, არენდტი აღნიშნავს, რომ მისი 1951 წელს გამოცემული ნაშრომი  დაიწერა იმ ინტელექტუალური განწყობის ფონზე, როდესაც საზოგადოების ნაწილი გადამეტებული ოპტიმიზმით იყო შეპყრობილი, ხოლო ნაწილი სასოწარკვეთით. ორივე მდგომარეობა რეალობის გააზრებას უშლიდა ხელს.  მიუხედავად იმისა, რომ მისი ანალიზი მიმართულია ანტისემიტიზმის, ნაციზმისა და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემების აღზევების ანალიზისკენ, არენდტის დაკვირვებები თანამედროვე ეპოქაშიც რელევანტურია.

არენდტის მიხედვით, ტოტალიტარული მოძრაობების წარმატების აუცილებელ წინაპირობას მასების და ბრბოს ჩართულობა წარმოადგენს. ის აღწერს, რომ მასები შედგება ატომიზირებული, პოლიტიკურად გაუცხოებული, უკლასო ინდივიდებისგან, რომელთაც დაკარგული აქვთ სტაბილური სოციალური კავშირები და საერთო პოლიტიკური სივრცის შეგრძნება.  ბრბო  სოციალურად გარიყული ადამიანების ერთობაა, რომლებსაც აჯანყებული ცინიზმი და ნიჰილიზმი ახასიათებს. ამავე დროს ის გულუბრყვილო და მიდრეკილია   კონსპირაციული ნარატივების მიმართ. კრიზისის დროს სწორედ ეს ჯგუფი იქცევა ძალადობრივი მობილიზაციის მთავარ სამიზნედ და დემაგოგ ლიდერთან დროებით ალიანსში შედის. ისეთ ალიანსში, რომელიც ემყარება წესრიგის აღდგენის დაპირებას. არენდტისათვის საფრთხე მაშინ ჩნდება, როდესაც ბრბოს დესტრუქციული ენერგია ერწყმის მასების ატომიზაციას - როდესაც, პოლიტიკისგან იზოლირებულ ინდივიდებს იზიდავთ მარტივი, ყოვლისმომცველი პასუხები, რომელიც ქაოსში წესრიგის ილუზიას ქმნის. 

ტოტალიტარული მოძრაობები იყენებენ ნიჰილისტური, ატომიზირებული და გაუცხოებული ინდივიდების ერთობას, რომლებიც საკუთარი როლის დაკარგვის განცდით არიან მოცულნი. ისინი მარტოსულ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ ადამიანებს გარდაქმნიან „მასობრივ საზოგადოებად“, რომელიც რაციონალურ სიმართლეზე მეტად აბსოლუტურ, იდეოლოგიურ სიცხადეს ესწრაფვის და მზად არის თავისუფლებაც კი დათმოს იმ მიზნისა და მნიშვნელობის სანაცვლოდ, რომელსაც ლიდერი სთავაზობს. არენდტის ანალიზი მიუთითებს, რომ როდესაც ტრადიციული სოციალური კავშირები ირღვევა და ჩნდება უკლასო, ატომიზირებული საზოგადოება, იქმნება ნიადაგი, სადაც „ბრბოს მენტალიტეტი“ შეიძლება ტოტალიტარულმა მოძრაობებმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

ასეთ ვითარებაში, ტოტალური კონტროლის წინაპირობა ხდება მარტოობა, სოციალური კავშირების რღვევა, ერთობლივი მოქმედების უუნარობა და საერთო რეალობისგან თანდათანობითი დაშორება.

არენდტის ანალიზის მნიშვნელობა მხოლოდ ისტორიული კონტექსტით არ იწურება. თუ მის ნააზრევს თანამედროვე ციფრულ რეალობში გადმოვთარგმნით, უნდა დავფიქრდეთ,  ხომ არ ვიმყოფებით დღესაც ისეთ მდგომარეობაში, სადაც საერთო სამყაროს შეგრძნება იშლება და ადამიანთა პოლიტიკური გამოცდილება ერთმანეთისგან მოწყვეტილ  პოლუსებად იყოფა?  ციფრული ატომიზაცია ქმნის იმავე სტრუქტურულ პირობებს, რომლებიც საჭიროა არენდტისეული მასების ჩამოყალიბებისთვის, რაც საზოგადოებაზე მასობრივი ზეგავლენის მოხდენის საწინდარია.

ტოტალიტარული რეჟიმების წარმატებს აღწერისას, არენდტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროპაგანდასაც. მისი დაკვირვებით, ასეთ პირობებში სიმართლე თანდათან კარგავს მნიშვნელობას. არა იმიტომ, რომ სიცრუე სრულად ანაცვლებს მას, არამედ იმიტომ, რომ ქრება თავად განსხვავების მნიშვნელობა სიმართლესა და გამოგონილს შორის. პროპაგანდის წარმატება მჭიდროდ უკავშირდება მასების ატომიზაციის იდეას. როდესაც ინდივიდები კარგავენ საერთო სამყაროსა და სოციალურ კავშირებს, ქრება ის სივრცეც, სადაც სიმართლე მნიშვნელობას იძენს. ასეთ პირობებში პროპაგანდა წარმატებით მოქმედებს, რადგან ის სთავაზობს თანმიმდევრულ და ყოვლისმომცველ ამბავს იქ, სადაც რეალობა უკვე ფრაგმენტირებულია.

ციფრული პლატფორმებით გაჯერებულ სამყაროში, ადამიანები ერთდროულად დაკავშირებულებიც არიან და იზოლირებულებიც. ერთი მხრივ, სოციალური მედია ქმნის დაუყოვნებელი მობილიზაციის, კოლექტიური რეაქციის და სიმბოლური ძალის დემონსტრირების შესაძლებლობას. მეორე მხრივ, ეს კავშირი ხშირად ზედაპირულია და არ ქმნის იმ მდგრად პოლიტიკურ კავშირებსა და სივრცეს, რომელსაც არენდტი „საერთო სამყაროს“ უწოდებდა. სივრცეს, სადაც ადამიანები არა მხოლოდ რეაგირებენ, არამედ აზროვნებენ და მოქმედებენ ერთად.  ამის ნაცვლად, მომხმარებლები მეტად იზოლირდებიან რეალური პოლიტიკურ-სოციალური პროცესებისგან.

ალგორითმულად ფრაგმენტირებული საინფორმაციო გარემო, ემოციური კონტენტის სწრაფი გავრცელება და „ციფრული ბრბოები“ ქმნის პირობებს, რომლებიც ჰგავს არენდტის მიერ აღწერილ მასების ფორმირებას: ინდივიდები, რომლებიც ითიშებიან რეალური ცხოვრებისგან, მოწყვეტილნი არიან სტაბილურ ინსტიტუციურ და სოციალურ ჩარჩოებს და მარტივად ექცევიან ემოციური გაველენის ქვეშ.

კითხვა, რომელიც არენდტმა მე-20 საუკუნის ტრაგიკულ გამოცდილებასთან მიმართებით დასვა - რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები კარგავენ საერთო რეალობის საზიარო განცდას  - ტექნოლოგიური დომინაციის და რეპრესიული ძალების მმართველობის პერიოდში  ისევ აქტუალურია. თუ ტექნოლოგიური ეპოქა რეალობას პერსონალურ ნაკადებად აქცევს, თუ თითოეულს საკუთარი, ალგორითმულად შერჩეული სამყარო გვხვდება, მაშინ საფრთხე საერთო რეალობის თანდათან ჩამოშლაშია. პარადოქსულია, მაგრამ შეიძლება კავშირების ეპოქა, ამავდროულად, მარტოობის ეპოქაც იყოს.  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განცალკევება და დაყოფა მონეტიზირებულია.

არენდტი პოლიტიკას ქმედებას უკავშირებდა. ქმედებას, რომელიც სხვებთან ერთად აყალიბებს სამყაროს და გვახსენებს, რომ ყველაზე საშიში მდგომარეობა მაშინ დგება, როდესაც ადამიანები რეალობასთან კავშირს კარგავენ, მაგრამ ერთად მოქმედების ილუზია მაინც რჩებათ. ონლაინ სივრცე კი ამ ილუზიას განსაკუთრებული სიზუსტით ქმნის. პლატფორმები შეიძლება ციფრულად აკავშირებდნენ ადამიანებს, მაგრამ ამავდროულად მათ სოციალურად ფრაგმენტირებულს ტოვებდეს. დღეს კი პოლიტიკური გამოცდილება ხშირად ციფრულ რეაქციებად იშლება. რეაქცია ქმნის ჩართულობის ილუზიას, მაგრამ იშვიათად ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები კოლექტიურად აზროვნებენ და მოქმედებენ. პოლიტიკური წინააღმდეგობისთვის ფხიზელი მოქალაქეების ერთობლივი ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ციფრული სამყაროს ერთ-ერთ გამოწვევას კი მასზე მიჯაჭვული მომხმარებლების იზოლაცია, იმიტირებული რეალობის განცდა და გაუცხოება წარმოადგენს, რასაც დაინტერესებული ძალები საკუთარი მიზნებისთვის ეფექტურად იყენებენ.


წაიკითხეთ მეტი